Skip to content

სოციალური მედია მარკეტინგი

სოციალური მედიის გარეშე ბიზნესის არსებობა დღეს უკვე წარმოუდგენელია. იგი მოიცავს ისეთ პლატფორმებს, როგორიცაა: Facebook, Instagram, LinkedIn, Pinterest და სხვა. ამ სტატიაში ვისაუბრებთ კონკრეტულად Facebook-ის შესაძლებლობებზე, რადგანაც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სოციალური პლატფორმაა Instagram-თან ერთად  (Instagram და Facebook ერთი და იმავე პლატფორმებით იმართება).

socialuri-media-marketingi

Facebook-ის როლი ჩვენს ცხოვრებასა და ბიზნესის საქმიანობაში.

რიგითი ადამიანები ამ პლატფორმას იყენებენ მარტივი მიზნებისთვის: მიმოწერა, სურათების ატვირთვა, ინფორმაციის გაგება/გაზიარება და ა.შ.

კომპანიები კი Facebook-ს იყენებენ თავიანთი პროდუქტის გასარეკლამებლად. ეს პლატფორმა იძლევა იმის საშუალებას, რომ შენი პროდუქტი აჩვენო მხოლოდ შენს პოტენციურ მომხმარებლებს.

პირობითად, თუ თქვენ გაქვთ სამკაულების მაღაზია და მომხმარებლების 80% არის ქალი, რა თქმა უნდა, რომ მიზანშეწონილია რეკლამა აჩვენოთ უფრო მეტ ქალს, ვიდრე მამაკაცს. ამის საშუალებას კი ეს პლატფორმა გაძლევთ.

გარდა ამისა, შეგიძლიათ განსაზღვროთ –  რა ასაკის, ინტერესის, მისწრაფების, ოჯახური მდგომარეობის და ა.შ. ადამიანმა გსურთ, რომ ნახოს თქვენი რეკლამა. ეს კი არის გარანტია იმისა, რომ რეკლამისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი დაიხარჯოს მიზნობრივად და ეფექტურად. სოციალური მარკეტინგის მენეჯერი სწორედ ამისთვისაა საჭირო. ის ზუსტ ანალიზს უკეთებს თქვენს მომხმარებლებსა და პროდუქტს. Facebook-ს აქვს საკმაოდ ჭკვიანი ალგორითმი, რომელმაც ზუსტად იცის თავისი მომხმარებლების ინტერესები, მისწრაფებები.

აღსანიშნავია ისიც, რომ Facebook-ის ჭკვიანი ალგორითმი იმახსოვრებს თითოეული მომხმარებლის ნებისმიერ აქტივობას ამ პლატფორმაზე. სწორედ ამის წყალობით ხდება პროდუქტის მიტანა მიზნობრივ აუდიტორიამდე.  მოდით, განვიხილოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი საშუალება პროდუქტის ეფექტური რეკლამირებისათვის.

FACEBOOK AD LIBRARY - გაიცანით თქვენი კონკურენტები

ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლიათ თქვენი კონკურენტების ნახვა. იმის გაგება, თუ როგორ რეკლამებს დებენ; რომელ მიზნობრივ აუდიტორიაზე გადიან; რამდენად წარმატებულები არიან თავიანთ სფეროში და ა.შ. კონკურენტების შესწავლა კი აუცილებელია საკუთარი ბიზნესის წარმატებისათვის. რაც უფრო კარგად გაქვთ შესწავლილი და გაანალიზებული ბაზარი, მით უკეთ იცით რა გაქვთ გასაუმჯობესებელი, გამოსასწორებელი და შესაცვლელი საკუთარ ბიზნესში.

socialuri-media

A/B ტესტირება - შეარჩიე ეფექტური კონტენტი

soc-media

A/B ტესტირება ასევე ძალიან საჭირო და გამოსადეგი ფუნქციაა. პროდუქტის რეკლამის შექმნის დროს, ბუნებრივია, თავში ძალიან ბევრი იდეა მოსდის ადამიანს და ხშირად რთულია იმის განსაზღვრა კონკრეტულად როგორი: სარეკლამო ტექსტი, ვიზუალი თუ რეკლამა მოეწონებათ მომხმარებლებს. ზუსტად ამისთვის არსებობს A/B ტესტირება, რაც იძლევა იმის საშუალებას რომ ყველა შესაძლო ვარიანტი ვაჩვენოთ მომხმარებლებს, ანუ ჩავატაროთ ტესტი და ვნახოთ კონკრეტულად რა პოსტი თუ ვიზუალი მოეწონათ მათ.  

მაგალითისთვის, სოციალური მედიის მენეჯერს დაავალეს კონკრეტული პროდუქტის გარეკლამება. ბიუჯეტი განსაზღვრულია და შეადგენს 200 ლარს. 

მან დაწერა 3 სარეკლამო ტექსტი და ამოარჩია 4 სავარაუდო სურათი. პირველ ეტაპზე, რეკლამაში გადაიხდის 50 ლარს და გაუშვებს ყველა შესაძლო კომბინაციას. A/B ტესტირებაში გამარჯვებულ სარეკლამო პოსტს, რომელიც მომხმარებლებს ყველაზე მეტად მოეწონათ, კი დაეთმობა დარჩენილი 150 ლარი. სარეკლამო ბიუჯეტის ეფექტურად ხარჯვისთვის ნამდვილად საუკეთესო შესაძლებლობაა.  ფულს იხდით კონკრეტულად იმ რეკლამაში, რაც დანამდვილებით იცით, რომ თქვენს პოტენციურ მომხმარებლებს მოეწონებათ.

RETARGETING - ერთი ნაბიჯი პროდუქტის ყიდვამდე

სოციალური მედიაში ძალიან ხშირად იყენებენ  ე.წ. „რეთარგეთინგს“. მარკეტერების თქმით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური შესაძლებლობა  და მომხმარებლები ყველაზე ხშირად ზუსტად ამ დროს ყიდულობენ კონკრეტულ პროდუქტს.
მოდით,  ვნახოთ კონკრეტულად რა იგულისხმება ამაში.  

პროდუქტის ონლაინ შეძენის დროს, ალბათ, ხშირად ყოფილა ისეთი მომენტი, როდესაც ყიდვა არ დაგისრულებიათ. პროდუქტი „კალათაში“ ჩაგიგდიათ, მაგრამ რაიმე მიზეზის გამო შეძენა გადაგიფიქრებიათ.   ალგორითმი ამ ყველაფერს ხედავს, რაც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ასეთ მომხმარებლებს, რომლებმაც პროდუქტის შეძენა ბოლო მომენტში გადაიფიქრეს, ხელახლა აჩვენოთ თქვენი რეკლამა, ამჯერად უკვე ფასდაკლებით, რაც, დიდი ალბათობით, განაპირობებს „მოქმედების დასრულებას“ ანუ პროდუქტის შეძენას.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, კარგად ჩანს თუ რამდენად მნიშვნელოვანია სოციალური მედია ბიზნესის წარმატებისათვის და მეტიც,  21-ე საუკუნეში, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია ყოველგვარი საქმიანობის არსებობა სოციალური მედიის გარეშე.